საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების წარმატება ტელდერსის საერთაშორისო იმიტირებულ შეჯიბრზე

თსუ-ის გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა და წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 46-ე საერთაშორისო რაუნდებში, რომელიც 1977 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ევროპის კონტინენტზე ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს წარმოადგენს!

 

ტელდერსის საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ყოველწლიურად ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გუნდები მონაწილეობენ და განიხილავენ თანამედროვე საერთაშორისო სამართლის აქტუალურ პრობლემებს. წელს კონკურსის თემატიკა შეეხებოდა საერთაშორისო სასამართლოების იურისდიქციას, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ბათილობას, საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალს, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სასურსათო უსაფრთხოებას და საზღვაო სამართალს.

 

2022 წელს გუნდი დაკომპლექტდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. გუნდს წარმოადგენდნენ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები - თათია ბიწაძე, თამარ ვარდიაშვილი, ნიკოლოზ ნურაშვილი და ნინო ახალაძე. გუნდის მწვრთნელი იყო საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული ქეთევან ჩაფიაშვილი, რომელიც თავად არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი იმიტირებული სასამართლოს პროცესის მონაწილე და გამარჯვებულია.

 

წელს საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობას იღებდა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 27 გუნდი. თსუ-ს გუნდმა საერთაშორისო რაუნდებში იასპარეზა ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, ესტონეთისა და თურქეთის გუნდების წინააღმდეგ.

 

საერთაშორისო რაუნდებში წარმატებული ასპარეზობის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ჯამური შეფასებით შევიდა შეჯიბრის საუკეთესო სამეულში და დაიკავა მე-2 ადგილი, ამასთან ერთად, მოსარჩელის წერილობითმა პოზიციამ დაიკავა საპრიზო მე-3 ადგილი, ხოლო მოპასუხემ ზეპირი გამოსვლის კომპონენტში დაიკავა მე-2 ადგილი.

თარიღი: 19/06/2023